კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, რომელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ადამიანი კვლავაც ვერ ახერხებს სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბუნების გამოწვევებსა და ახალ დაავადებებზე.
კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია.
საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია.
საქართველოში შეინიშნება მყინვარების სწრაფი დნობა და მეწყერების გააქტიურება. წყალდიდობამ უკვე გამოიწვია ცნობილი ტრაგიკული მოვლენები თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს, როდესაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დედაქალაქში ახლახან გააქტიურებული მეწყერი საფრთხეს უქმნის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს და ათასობით ადამიანს. ტყის ხანძრებმა გამოიწვია ათასობით ჰექტარი ტყის საფარის განადგურება. თბილისში, სადაც CO2-ის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია, მწვავედ დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა.
UNDP-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია, გამოკითხულთა 97%-ს სმენია კლიმატური ცვლილებების შესახებ, 91% - კი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური და საფრთხის შემცველი პროცესია. რესპონდენტების უმრავლესობა (60%-მდე) ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმი ან შეიარაღებული კონფლიქტები.
საქართველოში კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვის საკითხები უმნიშვნელოვანესია, ამას მოწმობს ბოლო დროს ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, სადაც გარემოს დამცველების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება.
აღნიშნული საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან, ერთის მხრივ, ქვეყანას სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგორესურსების დამატებითი სიმძლავრეები განვითარებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, რიონის ხეობის უნიკალური პოტენციალი გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ფრთხილ და კვლევებზე დაფუძნებულ მიდგომას მოითხოვს.
საქართველოში ენერგეტიკის სექტორი პასუხს აგებს სათბური აირების გაფრქვევის 60 პროცენტზე, ხოლო ჰაერის დაბინძურების მხრივ პირველ ადგილს იკავებს, რაც ძირითადად განპირობებულია წიაღისეული საწვავის ჭარბი გამოყენებით.
2020-2030 წლების ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს განახლებადი, მაგალითად წყლის, ქარისა და მზის ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში, რაც გამოიწვევს თბოელექტროსადგურების გამოყენებისა და შესაბამისად, გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირებას. ამ პროცესის პარალელურად, გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაც.
სწრაფი ლაბორატორიის მიერ 2021 წლის მარტში ჩატარებული სწრაფი გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ჰაერის დაბინძურება საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აპრილში ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ხოლო სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ გამოავლინა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც ის შეძლებს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში.
პანდემიის დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ ფონზე, დროებით შეჩერდა წარმოება და მიმოსვლა, რამაც, ბევრ უარყოფით შედეგთან ერთად, გარკვეული „ამოსუნთქვის“ შესაძლებლობა მისცა დედამიწას. ჩვენ ეს თბილისშიც ვიგრძენით, სადაც სმოგი დაიფანტა და ცა იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ ჰორიზონტზე 180 კილომეტრითაა დაშორებული მყინვარწვერი გამოჩნდა. ასეთი კონკრეტული და თვალსაჩინო მაგალითები გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ ვაზიანებთ ბუნებრივ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ.
გარემოს დაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კაცობრიობას 10 წელიღა დარჩენია მანამდე, სანამ გლობალურ დათბობა 1.5 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, ხოლო კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესი გახდება. ამ ზღვრის მიღმა ოდნავი ცვლილებაც კი მნიშვნელოვნად გაზრდის ბუნებრივი კატასტროფებისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების რისკს, რაც თავის მხრივ, მილიონობით ადამიანს სიღარიბის საფრთხის წინაშე დააყენებს.
კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები, კერძო სექტორი და მოსახლეობა კვლავ ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი საფრთხის შემცველია ეს პროცესი კაცობრიობისთვის. პესიმისტური სცენარით, კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგების გააზრება შესაძლოა მოხდეს მაშინ, როდესაც რეაგირება დაგვიანებული, ხოლო მიყენებული ზიანის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის ცნობიერება და ინდივიდუალური ქცევა. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველდღიური ქმედებებით ზიანს ვაყენებთ გარემოს და კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე გადავიდეთ.
როგორც UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მკვლევარი, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ საკითხში ლაბს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ ადამიანებს, რომ მათ ყოველდღიურ ქცევასა და საქმიანობას რეალური წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების დაძლევაში. განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთ საკითხებზე გავამახვილებთ, როგორიცაა პოლიეთილენის გამოყენებაზე უარის თქმა, ნარჩენების სეპარირების ჩვევის გამომუშავება, სოფლად მოსავლის აღების შემდეგ მინდვრების გადაწვის მინიმუმამდე დაყვანა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, რაც ნათლად დაგვანახებს, რომ კლიმატის ცვლილების შეჩერება და ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.