გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში „სტოკჰოლმი+50“
საქართველო ერთვება საერთაშორისო დიალოგში ჯანსაღი პლანეტისა და ადამიანის კეთილდღეობის შესახებ
2 June 2022
საქართველო, მსოფლიოს 70 ქვეყანასთან ერთად, ჩაერთო საერთაშორისო დიალოგში ჯანსაღი პლანეტისა და ადამიანის კეთილდღეობის შესახებ. გლობალური კონფერენცია „სტოკჰოლმი+50“, რომელიც შვედეთის დედაქალაქში 2-3 ივნისს გაიმართა, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი საერთაშორისო შეხვედრაა, რომლის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიოს გარემოსდაცვითი დღის წესრიგის ჩამოყალიბებაზე.
საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა, წარადგინა ქვეყნის ეროვნული ხედვა გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევისა და კლიმატის ცვლილების შერბილების შესახებ. საქართველოს წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს იმ კონკრეტულ ვალდებულებებსა და მიმართულებებზე, რომლებიც საქართველოს მდგრადი და მწვანე განვითარების ვექტორს განსაზღვრავს.
საქართველოს მიერ შემუშავებული ანგარიში ეყრდნობა ფართო კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ამ მრავალმხრივი მსჯელობის შედეგად ოთხი ძირითადი საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც საქართველოს შეჯამებულ ანგარიშში აისახა - კლიმატის ცვლილების შერბილება, ეკოსისტემის სერვისები, მდგრადი ქალაქები და გარემოსდაცვითი განათლება. ანგარიშში ასევე მოყვანილია კონსულტაციების მსვლელობაში გამოთქმული სხვადასხვა მოსაზრება და რეკომენდაცია, რომელთა მიზანია მყარი საფუძვლის შექმნა საქართველოს მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარებისთვის.
“მას შემდეგ რაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე, საერთაშორისო კონვენციებისა და მოთხოვნების პრაქტიკაში დანერგვა კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, იმისთვის, რომ ქვეყანამ წარმატებით შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებები”ნინო თანდილაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
„ბუნებასთან შერიგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ მიყენებულ ზიანს „უკან გადავახვევთ“ და ერთად ვიმუშავებთ პლანეტის გადასარჩენად. შვედეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ჩვენს ერთობლივ გზაზე, რომლის მიზანია მომავლის ხელახლა წარმოსახვა, ეკოსისტემების აღდგენა და ჩვენი რესურსების ხელახალი გადანაწილება უფრო მწვანე და სიცოცხლისუნარიანი მომავლისთვის“ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის ელჩი საქართველოში
„სტოკჰოლმის კონფერენციისთვის მზადების პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები და გადაწყვეტილების მიმღები პირები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ კლიმატის ცვლილებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და მზად არიან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. UNDP თანამშრომლობს შვედეთთან და სხვა პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ეროვნულ კონსენსუსის მიღწევს და ხელი შეუწყოს აქტიურ ქმედებას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, დაბინძურების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვის მიმართულებით“ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
სტოკჰოლმის პირველი კონფერენცია 1972 წელს გაიმართა და სტოკჰოლმის გარემოსდაცვითი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. 50 წლის შემდეგ, სტოკჰოლმი+50 კვლავ მოუწოდებს მსოფლიოს, რომ პლანეტის გადარჩენა და თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის უმაღლეს პრიორიტეტად გამოაცხადოს.
შვედეთისა და კენიის მასპინძლობით გამართული საერთაშორისო კონფერენცია ქმნის მსჯელობისა და შეთანხმების სივრცეს, სადაც მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის პარალელურად ასობით შეხვედრა, ღონისძიება და ვებინარი ტარდება, ხოლო მონაწილეთა შორის წარმოდგენილნი არიან ყველა ქვეყნისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები - ქალები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ადგილობრივი თემები.
UNDP-ისა და გლობალური მოძრაობის We Don't Have Time თანამშრომლობის შედეგად, სტოკჰოლმში ყოველ დღე იმართებოდა „UNDP-ის საათი“, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ადამიანის პერსპექტივიდან განიხილავდნენ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org