უკრაინულმა სახლმა ერთწლიანი შედეგები შეაჯამა

გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, უკრაინული სახლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს სთავაზობს უკრაინელ ლტოლვილებს

19 September 2024

გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, თბილისის უკრაინულმა სახლმა დაბადების დღე აღნიშნა და თავისი საქმიანობის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა.

უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად, ღონისძიებამ თავი მოუყარა უკრაინული სახლის უამრავ მეგობარსა და მხარდამჭერს, მათ შორის გერმანიისა და უკრაინის საელჩოების, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), „ქეა კავკასიის“, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ღონისძიების მსვლელობაში გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსიები, ხოლო უკრაინელმა მხატვრებმა და მეწარმეებმა ნახატებისა და ხელნაკეთობების გამოფენა მოაწყეს.

მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ნილს ქრისტენსენმა, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.  

ქართულ-უკრაინული პლატფორმის წარმომადგენლებმა შეაჯამეს უკრაინული სახლის ერთწლიანი მუშაობის შთამბეჭდავი შედეგები, ხოლო „ქეა კავკასიის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს მეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამაზე, რომლის ფარგლებში 40-მდე ლტოლვილმა მეწარმემ, უმეტესწილად უკრაინელებმა, დაფინანსება, კონსულტაცია და სხვა სახის მხარდაჭერა მიიღეს.

„გერმანია სიამაყით უჭერს მხარს უკრაინელ ლტოლვილებს და აფასებს მათ სიმამაცესა და გამძლეობას. თბილისის უკრაინული სახლი უაღრესად საჭირო პლატფორმაა, რომელიც უკრაინელებს მათზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. დამანგრეველი ომის დროს, ეს სივრცე ერებს შორის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სიმბოლოა. როგორც უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ევროპაში, ვაცხადებთ, რომ უკრაინელ ხალხს შეუძლია ჰქონდეს გერმანიის გრძელვადიანი დახმარების იმედი. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით.“
ესთერ ლენა ვაგნერი, გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში
„უკრაინული სახლი მეტია, ვიდრე სერვისების ჰაბი. ეს თბილი და მეგობრული სივრცეა, ახალი სახლი მათთვის, ვინც სახლში ვეღარ ბრუნდება. გასული წლის მანძილზე, ათასობით ადამიანმა, მათ შორის ომს გამოქცეულმა ქალებმა, ბავშვებმა და მოზარდებმა, აქ საჭირო დახმარება მიიღეს“
ნილს ქრისტენსენი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში

თბილისის უკრაინული სახლი 2023 წლის სექტემბერში, გერმანიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით გაიხსნა. მას შემდეგ, მან 4,000-ზე მეტი ადამიანი მიიღო და სხვადასხვა სახის სერვისი შესთავაზა, მათ შორის ენის სასწავლო კურსები, ფსიქოლოგიური კონსულტაციები და თერაპია, ხელოვნების გაკვეთილები და თემატური სემინარები. 

გასული წლის მანძილზე, უკრაინულ სახლში 150-ზე მეტი კულტურული და სოციალური ღონისძიება გაიმართა. ასევე შექმნა რეფერალური სისტემა, რომლის მეშვეობით უკრაინელი ლტოლვილები იღებდნენ ინფორმაციას მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო თუ არასამთავრობო სოციალური და ეკონომიკური სერვისების შესახებ.

უკრაინული სახლი უფასო სამუშაო სივრცეს სთავაზობს უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოხალისეთა ჯგუფებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. გარდა ამისა, ეს კულტურული თანამშრომლობის ჰაბია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში.

დამატებითი ინფორმაცია:

გერმანიის მხრიდან 1.6 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დაუცველი მოსახლეობის სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. თბილისის უკრაინული სახლის ხელშეწყობა ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. 

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის: