ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ ქართული მოზაიკის აღდგენას
ფერადი ნამსხვრევებით შექმნილი მუსიკა
19 July 2024
ამბობენ, რომ მოზაიკა უთვალავი ფერადი ნამსხვრევით შექმნილი მუსიკაა. საქართველოს ასეთი კერამიკული „მელოდიების“ მდიდარი ტრადიცია აქვს. მე-20-ე საუკუნეში, მოზაიკური ფერწერა ბევრ საჯარო სივრცეს ამშვენებდა, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთში. დროთა განმავლობაში, ძველმა საბჭოთა ინფრასტრუქტურამ ცვეთა და დაშლა დაიწყო, რასაც არაერთი უნიკალური მოზაიკის განადგურება მოჰყვა.
„მე-20 საუკუნის ქართულ მოზაიკას საბჭოთა იდეოლოგიისგან გამიჯვნა ახასიათებს. ძირითადად, ქართული მოზაიკის სიუჟეტი ფოლკლორს ეფუძნება და ეროვნულ თვითმყოფადობას გამოხატავს“, - განმარტავს ნატალია დე პიტა, მოზაიკის ექსპერტი „ფონდ რიბირაბო“-დან.
ნატალია დე პიტა მკვლევართა და რესტავრატორთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელთაც სამეგრელოს რეგიონში სამი გამორჩეული მოზაიკური პანო განადგურებას გადაარჩინეს, აღადგინეს და პირვანდელი სახე დაუბრუნეს. მონუმენტური ფერწერის ეს ნიმუშები, „წითელკაბიანი მანდილოსანი“, „ზაფხული“ და „მუსიკოსები“, დღეს ზუგდიდის ქუჩებს ალამაზებს.
მოზაიკის აღდგენის პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტში ჩართულები იყვნენ მხატვრული რეწვის ცენტრი „მოზაიკა სტუდიო“ და „ფონდ რიბირაბოს“ მიერ მოწვეული ქართველი და ფრანგი ექსპერტები.
მე-20-ე საუკუნის მოზაიკის აღდგენამ მხატვრულ ღირებულებასთან ერთად სხვა დატვირთვაც შეიძინა. პროექტმა პატივი მიაგო საქართველოს მდიდარ ისტორიასა და კულტურას, რომელსაც კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დღესაც თავის საერთო მემკვიდრეობად მიიჩნევენ. „წითელკაბიანი მანდილოსნის“, „ზაფხულისა“ და „მუსიკოსების“ მსგავსი მიურალები ენგურის ორივე მხარეს არსებობს. მათი მხატვრული ღირებულების დაფასება ამ საერთო მემკვიდრეობის ნაწილია.
მოზაიკური ფერწერის მეორე სიცოცხლე
„წითელკაბიანი მანდილოსანი“ ყველაზე გამორჩეულია სამეგრელოში აღდგენილ მოზაიკურ პანოებს შორის. მიურალზე გამოსახული ულამაზესი ქალი, რომელიც თავდაჯერებულობასა და ძალას ასხივებს, მე-20-ე საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.
რესტავრატორთა ჯგუფმა ამ ულამაზეს მოზაიკას სოფელ რუხში მიაგნო, ნახევრად დანგრეული შენობის კედლიდან დიდი სიფრთხილით ჩამოხსნა და ზუგდიდში, სარესტავრაციო სახელოსნოში გადაიტანა.
აღდგენით სამუშაოებს სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. მოზაიკური პანოები ავარიულ შენობებზე იყო განთავსებული, რაც მათ ჩამოხსნასა და ტრანსპორტირებას საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნიდა. ერთ-ერთ შენობაში მზიდი კედელი თითქმის მთლიანად იყო დანგრეული, ხოლო კედლებს შორის ველური სურო იზრდებოდა. მოზაიკის ჩამოსახსნელად, რესტავრატორთა ჯგუფმა ახალი ტექნოლოგია გამოიგონა, კედლის კუთხეები გაამაგრა და ფერწერის ყველა ფრაგმენტი ნაწილ-ნაწილ ფრთხილად და უსაფრთხოდ ჩამოხსნა.
ახალგაზრდა მოხალისეები
კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ახალგაზრდები ენთუზიაზმით ჩაერთნენ მოზაიკის აღდგენის პროექტში და საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს მის წარმატებაში. იმის გათვალისწინებით, რომ რესტავრაციის პროცესი ცოდნას, უნარებსა და სათანადო მომზადებას მოითხოვს, ახალგაზრდა მოხალისეებმა ჯერ სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რომელსაც ნატალია დე პიტა და „ფონდ რიბირაბოს“ სხვა ექსპერტები უძღვებოდნენ.
„თითოეული ნაწილის, პატარა დეტალების განცალკევება და გაწმენდა ძალიან მნიშვნელოვანია. მოზაიკის ნაჭრების ფერების მიხედვით დახარისხება ჩემთვის ერთგვარი განტვირთვა და სიამოვნებაა", - გვიყვება ახალგაზრდა მოხალისე ლიზი შენგელია.
რესტავრაციის დასრულების შემდეგ, სამივე მოზაიკური პანო ზუგდიდში, შერჩეულ ადგილებში დამონტაჟდა, სადაც ეს გამორჩეული მონუმენტური ფერწერა როგორც ზუგდიდელების, ისე ტურისტების მზარდ ყურადღებას იპყრობს.
თემის ძალა და მდგრადობა
ისტორიული მოზაიკის აღდგენა ერთ-ერთია იმ მრავალ სამოქალაქო ინიციატივას შორის, რომლებიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორცილდება. სამოქალაქო საზოგადოების, მუნიციპალიტეტებისა და მოსახლეობის ჩართულობით, ეს ადგილობრივი პროექტები ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას, მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების განვითარებას.
2020 წლიდან, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, 44 სამოქალაქო ინიციატივა განხორციელდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური დახმარება უზრუნველყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა განათლების, დასაქმების, მეწარმეობისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნაში.
დამატებითი ინფორმაცია
EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას, საარსებო წყაროების შექმნას, გენდერული თანასწორობის მიღწევას, ახალგაზრდების ჩართულობასა და კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნას.
დისქლეიმერი
წინამდებარე ისტორია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, პროექტის EU4Dialogue ფარგლებში. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არა ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს.