დიდი ბრიტანეთი და გაეროს განვითარების პროგრამა, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, იკვლევს ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმებას
ღია, თანასწორი და წარმომადგენლობითი საჯარო სამსახურისთვის
3 May 2022
საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლობით, განხორციელდა იმ სამართლებრივი თუ პროცედურული ბარიერების კვლევა, რომლებიც ხელს უშლის საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმებას.
ოთხი კვლევა, რომელთა საჯარო წარდგენა 3 მაისს გაიმართა, განხორციელდა ადგილობრივ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „PMC Research Centre“-თან და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრთან” თანამშრომლობით.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ქართული ენის არასაკმარისი ცოდნა ერთ-ერთი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, კერძოდ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მოსაუბრე ადამიანების საჯარო სექტორში დასაქმებისთვის.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, ქალთა წარმომადგენლობა საჯარო სექტორში ნაკლებია საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით და 33 პროცენტს არ აღემატება.
კვლევაში მიმოხილულია ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის, საჯარო სექტორში სტაჟირება, და მოყვანილია შესაბამისი რეკომენდაციები ამ ინიციატივების გაუმჯობესებისთვის.
შშმ პირთა შემთხვევაში, კვლევამ შეისწავლა საჯარო სექტორის ხელმისაწვდომობა და შშმ პირთათვის არსებული შესაძლებლობები. ამ მხრივ, ძირითადი ყურადღება დაეთმო სამსახურის მაძიებელთა პროფესიულ კვალიფიკაციას, განათლებისა და ტრენინგის შესაძლებლობებს, საჯარო სექტორის ფიზიკურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხებს - ტრანსპორტი და საჯარო შენობებში არსებული ინკლუზიური ინფრასტრუქტურა, და შშმ პირთა მიმართ დამოკიდებულებებს როგორც დამსაქმებლის, ისე საჯარო სექტორის თანამშრომელთა მხრიდან.
ორი დამატებითი კვლევა შეისწავლის საჯარო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებულ პოლიტიკასა და პროცედურებს. ერთ-ერთი მათგანი ყურადღებას ამახვილებს ქალებზე, შშმ პირებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე, ხოლო მეორე აანალიზებს საჯარო სექტორში დასაქმების ძირითადი ონლაინ რესურსის - HR.GOV.GE-ის, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას.
„თანასწორობა და მრავალფეროვნება საჯარო სექტორის საკვანძო ღირებულებებია. ჩვენ ვაცნობიერებთ არსებულ გამოწვევებს და სათანადო ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ როგორც საჯარო პოლიტიკის, ისე სახელმწიფო სერვისების შექმნაში წარმომადგენლობა და თანამონაწილეობა უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა.
„გაერთიანებული სამეფო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს საჯარო სამსახურის ძირეულ რეფორმას. სანდო კვლევა და მყარი მტკიცებულება ხელს შეუწყობს რეფორმის მიზნების მიღწევას და უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გამჭვირვალობას, წარმომადგენლობასა და ინკლუზიურობას“, - აღნიშნა ელენ ვიხმანმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა.
„თანამედროვე საჯარო სამსახური ღია და მრავალფეროვანი სამუშაო სივრცეა, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს თანასწორობასა და მრავალფეროვნებას. ჩვენი კვლევების დახმარებით, საქართველოს საჯარო სამსახური შეძლებს უკეთ გააცნობიეროს უმცირესობათა და შშმ პირთა საჭიროებები და საჯარო სექტორში მათთვის თანასწორი დასაქმების შესაძლებლობა უზრუნველყოს”, - თქვა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.
ყველა კვლევა ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებ-გვერდზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
- ირა სულავა, UNDP, irine.sulava@undp.org, +995 599 579105
- ეკატერინე სირაძე, საჯარო სამსახურის ბიურო, esiradze@csb.gov.ge, +995 577 244599