ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა შრომის ბაზრის კვლევას აქვეყნებენ
პროფესიულ სასწავლებლებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის გაზრდა
13 September 2022
ქართველი დამსაქმებლები სამსახურის მაძიებელთა დაბალ კვალიფიკაციასა და არასაკმარის მოტივაციას დასაქმების ხელშემშლელ მიზეზებს შორის ასახელებენ. თუმცა, მათი უმეტესობა, 88 პროცენტი, პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31 პროცენტი მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს. დამსაქმებელთა მხოლოდ 24 პროცენტს აქვს გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მხრივ, რაც უმეტესწილად სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებაში გამოიხატება.
ასეთია შრომის ბაზრის კვლევის რამდენიმე წინასწარი მიგნება, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 13 სექტემბერს გამოაქვეყნეს.
კვლევითი ორგანიზაციის „ეი-სი-თი“-ს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელებული კვლევა, ტურიზმისა და სიჯანსაღის ანუ ველნესის სექტორებში არსებულ შრომის ბაზარს შეისწავლის და საქართველოს ხუთი რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში მოპოვებულ მონაცემებს ეყრდნობა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი).
კვლევითი სამუშაოები 2022 წლის მაისში ჩატარდა. კვლევისას გამოყენებული იყო როგორც უკვე არსებული მონაცემების ანალიზი, ისე ფოკუს-ჯგუფებისა და პირისპირ თუ სატელეფონო გამოკითხვის გზით მიღებული შედეგები. სულ კვლევის მიგნებები 520-ზე მეტი რესპონდენტისგან, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება.
კვლევის მიგნებებში ასახულია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და სასწავლო პროგრამები, გაანალიზებულია შრომის ბაზრის ამ კონკრეტულ სეგმენტებზე საჭირო პროფესიული კვალიფიკაციები და შეფასებულია, თუ რამდენად შეესაბამება არსებული პროფესიული სწავლება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და იკვლევს, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროფესიულმა განათლებამ უკეთ უპასუხოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და უმცირესობათა წარმომადგენელების საჭიროებებს.
„პროფესიული განათლების შედეგად, ადამიანებმა როგორც დასაქმებისთვის, ისე აქტიური მოქალაქეობისა და პიროვნული რეალიზაციისთვის საჭირო უნარები უნდა მიიღონ. ამ მიზნების მისაღწევად, პროფესიული განათლება შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებს უნდა შეესაბამებოდეს. შრომის ბაზრის კვლევა ამ მხრივ არსებულ ხარვეზებს გამოავლენს და პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სექტორში მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობებს შეისწავლის“.კოლომბ დე მერსე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის ჯგუფის ხელმძღვანელი
„დამსაქმებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ პროფესიულ სასწავლებლებთან არ უთანამშრომლია, თუმცა იქვე დასძენს, რომ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სამუშაო ძალის მოძიება მათთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ შეუსაბამობის მიზეზების გარკვევით შევძლებთ, რომ არსებული ხარვეზი გამოვასწოროთ და როგორც სამსახურის მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს დავეხმაროთ“.ნიკ ბერესფორდი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
კვლევის წარდგენას ასევე დაესწრნენ ვალერიან გობრონიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; თამარ ქიტიაშვილი, უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი; და გიორგი პერტაია, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი.
საქართველოში უმუშევრობა საშუალოდ 18.1 პროცენტს შეადგენს, ხოლო ცალკეულ რეგიონებში 30 პროცენტამდე იზრდება. ამ მხრივ, ახალგაზრდები რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის მაჩვენებელი 28 პროცენტიდან 50 პროცენტამდე მერყეობს (წყარო: საქსტატი). ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც დასაქმებაში, არც განათლებასა თუ ტრენინგში, ხოლო საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში.
კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე.
დამატებითი ინფორმაცია:
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ პროფესიულ განათლებაში ახალი შესაძლებლობებისა და სერვისების შექმნას და პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მდგრად და თანასწორ განვითარებას, რის შედეგადაც უნდა გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ მხრივ არსებულ განსხვავება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- თეიკო კანდელაკი, UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2364364, tamriko.mikadze@eeas.europa.eu