საინფორმაციო კამპანია „ჯანსაღი გარემო შენი უფლებაა“ UNDP-ის, გერმანიის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით გაიმართა
გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება ყველასთვის
8 August 2024
სუფთა და ჯანსაღი გარემოს უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გერმანიის მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაცია GEO – Georgia’s Environmental Outlook-თან თანამშრომლობით, წამოიწყეს საინფორმაციო კამპანია გარემოსდაცვითი უფლებებისა და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შესახებ.
კამპანიამ, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან ივლისამდე მიმდინარეობდა, საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტი მოიცვა. ღონისძიებებსა და აქტივობებში სხვადასხვა სქესის, ასაკისა და ეთნიკური წარმომავლობის 300-მდე ადამიანი ჩაერთო, ხოლო ონლაინ დაფარვამ 300,000-ს გადააჭარბა.
კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო სემინარები ახალგაზრდებისთვის, მედიისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. შედგა რამდენიმე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაიმართა დისკუსიები გარემოსდაცვითი სამართლის ექსპერტებისა და იურისტების მონაწილეობით. გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ განმარტებითი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, შეიქმნა სტატიები, ინფოგრაფიკა და ვიდეოები, რომლებიც საქართველოს მედია სივრცესა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
კამპანიის საკვანძო ღონისძიება - გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ფორუმი ივლისში, თბილისში გაიმართა. ფორუმის მსვლელობისას, შედგა სიღრმისეული მსჯელობა სუფთა და ჯანსაღ გარემოზე უფლების დაცვისა და ამ მხრივ, საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ. დისკუსიაში ჩაერთნენ სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გარემოს დაცვის ექსპერტები, იურისტები, ეკო-აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები.
„გარემოსდაცვითი უსამართლობა ყველაზე მწვავედ დაუცველ მოსახლეობაზე აისახება, რადგან ასეთი სახის გამოწვევები როგორც ბუნებრივ, ისე ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს აზარალებს. სანდო ინფორმაცია გარემოსდაცვითი უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის."ესთერ ვაგნერი, გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში
„2022 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღიარა, რომ სუფთა და ჯანსაღი გარემო ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს გარემოსა და ჯანმრთელობის პრიორიტეტულ მნიშვნელობას კაცობრიობის კეთილდღეობისთვის. გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების კამპანია, რომელსაც ჩვენ გერმანიის მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვაწარმოებთ, მწვავე გამოწვევებს წარმოაჩენს და აცნობებს ადამიანებს, თუ როგორ გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები გარემოსდაცვითი უფლებების დასაცავად."ნილს ქრისტენსენი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
„საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ხელი მიგვიწვდებოდეს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე და მონაწილეობა მივიღოთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი უფლების განხორციელება კვლავ გამოწვევად რჩება. საზოგადოების ინფორმირებულობა, მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა აუცილებელია გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მისაღწევად."ხათუნა გოგალაძე, GEO – Georgia’s Environmental Outlook-ის ხელმძღვანელი
დამატებითი ინფორმაცია:
გერმანიის მხრიდან 1.62 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დაუცველი მოსახლეობის სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებას. გარემოსდაცვით მართლმსაჯულების გაძლიერება ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ UNDP-ის ვებგვერდს.
საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ელენე საყვარელიძე, UNDP, +995 599 003944, elene.sakvarelidze@undp.org