პარტნიორობა საქართველოს ბიომრავალფეროვნების დასაცავად

დასრულდა 9.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხუთწლიანი პროექტი ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განვითარებისა და დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობისთვის

10 October 2024
Biodiversity Monitoring in Georgia
ფოტოს წყარო: UNDP/CNF/NACRES

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდმა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტომ შეაჯამეს ხუთწლიანი პროექტის შედეგები, რომელიც საქართველოს 12 დიდი დაცული ტერიტორიის ფინანსურ მდგრადობასა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განვითარებას  ემსახურება. 

9.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი 2019-2024 წლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა. აქედან 4.6 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაა, 3.1 მილიონი აშშ დოლარი CNF-ის, 1.8 მილიონი აშშ დოლარი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და 200,000 აშშ დოლარი საქართველოს ბანკის.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, კერძო საკონსულტაციო კომპანიები და ინდივიდუალური ექსპერტები. მათი მონაწილეობა უზრუნველყოფდა ხარისხიანი კვლევის ჩატარებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განვითარებას, დაცული ტერიტორიების სისტემის თანამშრომლების ტრენინგსა და ტექნიკურ ხელშეწყობას და ასევე ახალი მიდგომების პილოტირებას ფინანსირებისა და შემოსავლების მიღების ალტერნატიული გზების მოძიებისთვის.

“ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით. შევქმენით 32 ახალი დაცული ტერიტორია და 75 პროცენტით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ იმისთვის, რომ დაცულ ტერიტორიებზე მართვისა და მენეჯმენტის სისტემა გაუმჯობესდეს, უკეთ დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაჩინოთ ახალი ეკოტურისტული სერვისები და დამატებითი ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ დაცული ტერიტორიების გარშემო მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევით. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ.“
ნინო თანდილაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
„საქართველოს მდიდარი მრავალფეროვნება ძვირფასი საგანძური და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. გაეროს განვითარების პროგრამა, საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სიამაყით უჭერს მხარს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვას, კვლევას და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.“
დაგლას უები, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში
ინფორმაცია პროექტის შესახებ:

პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ 12 დაცულ ტერიტორიაზე განხორციელდა:

  1. ალგეთის დაცული ტერიტორია
  2. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია
  3. ვაშლოვანის დაცული ტერიტორია
  4. კინტრიშის დაცული ტერიტორია
  5. თუშეთის ეროვნული პარკი
  6. თუშეთის დაცული ლანდშაფტი
  7. ლაგოდეხის დაცული ტერიტორია
  8. მაჭახელას ეროვნული პარკი
  9. მტირალას ეროვნული პარკი
  10. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
  11. ყაზბეგის ეროვნული პარკი
  12. ჯავახეთის დაცული ტერიტორია
პროექტის ძირითადი შედეგები:

დაცული ტერიტორიების მართვა და ფინანსური მდგრადობა:

  • მართვის გეგმები განახლდა თორმეტივე დაცული ტერიტორიისთვის.
  • ყველა დაცული ტერიტორიისთვის შემუშავდა მართვის ეფექტურობის შეფასების გეგმები (MEAP).
  • ჩატარდა საფუძვლიანი კვლევები დაცული ტერიტორიების ფინანსირებისა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობების შესაფასებლად. მათ შორის:  
    • ფინანსური დანაკლისისა და დამატებითი შემოსავლების გენერირების შესაძლებლობების ანალიზი. შემუშავდა შესაბამისი მეთოდოლოგია დაცული ტერიტორიების ფინანსური საჭიროებების შეფასებისთვის.
    • ეკოსისტემური სერვისების შეფასება და ინვესტირების ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, რასაც მოჰყვა საინფორმაციო კამპანია დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და დაფინანსების მხარდასაჭერად.
    • ფინანსირების შესაძლებლობების ანალიზი.
    • ალტერნატიული შემოსავლების კვლევა ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარებისთვის, 
    • მტირალასა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის განხორციელდა შესვლის საფასურის დანერგვის კვლევა, რომლის  პილოტირება 2024 წლის ბოლომდე განხორციელდება.
    • ყველა დაცული ტერიტორიისთვის განხორციელდა შემოსავლების მიღების შესაძლებლობების კვლევა.
  • შერჩეულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელდა ეკოტურიზმში ინვესტირების საპილოტე პროექტები დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობების შესაფასებლად.

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი:

  • შეიქმნა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭო სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური ინსტიტუტების ჩართულობით.
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიქმნა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და საკოორდინაციო დეპარტამენტები.
  • თორმეტივე დაცულ ტერიტორიაზე ამოქმედდა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ათწლიანი პროგრამა, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.
  • თორმეტივე დაცულ ტერიტორიაზე დაინერგა - სივრცული მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემა, SMART. 

ტრენინგი და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა:

  • დაცული ტერიტორიების სისტემისთვის შემუშავდა ტრენინგის ეროვნული სტრატეგია და პროგრამა, რომელიც ხუთწლიან დეტალურ გეგმასა და ათწლიან კონცეფციას მოიცავს.
  • შეიქმნა ტრენინგის ონლაინ პლატფორმა სასწავლო მოდულებით ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა დაცული ტერიტორიების მართვა, ეკო-ტურიზმის განვითარება და რეინჯერთა საქმიანობა.
  • დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს თემატური სასწავლო კურსები ფინანსურ მართვაში, კომუნიკაციასა და პირველადი დახმარების აღმოჩენაში.
  • დაცულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჩატარდა ეკო-მეგობრული ეკონომიკური საქმიანობის ტრენინგი.

ახალი მიდგომების პილოტირება:

  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შეიქმნა ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ტურისტების თავშესაფარი და საქმიანი ეზო სოფელ ნეძვში, რაც ეკოტურიზმის განვითარებასა და ხე-ტყის მდგრად მოპოვებას ემსახურება. 
საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის: