საქართველო ნერგავს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრონციპს
გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა მხარს უჭერენ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას საქართველოში
19 June 2019
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ორგანიზაცია GEO-სთან თანამშრომლობით იწყებენ ახალ პროექტს ელექტრონული ნარჩენების მართვისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ.
პროექტის პრეზენტაციას, რომელიც 2019 წლის 19 ივნისს გაიმართა, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - სოლომონ პავლიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვის და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა - ნინო ანთაძემ და შვედეთის საელჩოს პროგრამის ოფიცერმა - ხათუნა ზალდასტანიშვილმა.
პროექტის ძირითად მიზნებსა და დაგეგმილ ქმედებებზე, ასევე მოსალოდნელ შედეგებზე და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა - ხათუნა გოგალაძემ (GEO).
16-თვიანი პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული ნარჩენების მართვაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის პრაქტიკულ განხორციელებას, მას შემდეგ, რაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალაში შევა 2019 წლის 1 დეკემბერს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ელ-ნარჩენების კანონქვემდებარე აქტის განახლების ხელშეწყობა და ელ-ნარჩენების მართვაში ჩართული არაფორმალური სექტორის მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტი დახმარებას გაუწევს კერძო სექტორსაც მწარმოებელთა პასუხისმგებელი ორგანიზაციის შექმნაში.
ახალი პროექტი ეფუძნება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ორგანიზაცია GEO-ს მიერ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს საქართველოში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიმართულებით.
2019-2020 წლებში დაგეგმილი საქმოანობა განხორციელდება საჯარო და კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
საკონტაქტო ინფორმაცია
- ინგა ნიკაგოსიანი, Georgia’s Environmental Outlook – GEO, +995 5 77 293979, inganikagosian@gmail.com
- ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP საქართველო, +995 599 579105, irine.sulava@undp.org