გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის მთავრობა უხელს უწყობენ საქართველოს წრიული ეკონომიკისთვის საფუძვლის შექმნის საქმეში
საქართველო შემდგომ ნაბიჯებს დგამს ელექტრონული ნარჩენების მდგრადი მართვის მისაღწევად
22 September 2020
22 სექტემბერს გაიმართა ონლაინ კონფერენცია ნარჩენების მდგრადი მართვისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) პრინციპის შესახებ. ღონისძიებაში ჩაერთვნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ნარჩენების მდგრადი მართვის გამოწვევებსა და უპირატესობებზე, EPR პრინციპის დანერგვისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოზე და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე ელექტრონული ნარჩენების მართვის სექტორში.
კონფერენცია გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ღონისძიების ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ “GEO – Georgia’s Environmental Outlook” წარადგინა 16-თვიანი პროექტის შედეგები, რომელიც UNDP-სა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდა.
“ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი საკვანძო რეფორმაა”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა ამ რეფორმის განუყოფელი და აუცილებელი შემადგენელია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია, როგორც მდგრადი ეკონომიკის პრინციპებთან, ასევე საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში“.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (EPR) ხელს უწყობს გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებას, რომელიც სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების შედეგად წარმოიქმნება. EPR პრინციპის თანახმად, პროდუქტის მწარმოებლები და ბაზარზე შემომტანები პასუხს აგებენ მის სრულ სასიცოცხლო ციკლზე, წარმოებიდან გადამუშავებამდე, და, შესაბამისად, ვალდებულებას იღებენ, მინიმუმამდე დაიყვანონ ამ პროცესების შესაძლო უარყოფითი გავლენა გარემოზე. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც 2019 წლის დეკემბერში შევიდა ძალაში, საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის ნაწილია.
“გარემოსდაცვითი პოლიტიკის წარმატება ადამიანების აზროვნების ძირეულ ცვლილებას მოითხოვს”, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნარჩენები არ ქრება, არამედ გარემოსა და ჯანმრთელობის დამაზიანებელ ფაქტორად იქცევა. ამ მხრივ, ელექტრონული ნარჩენები განსაკუთრებით სახიფათოა. სწორედ ამიტომ ამ სექტორს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა UNDP-ის პროგრამებში, რომლებიც გადამუშავების, აღდგენისა და ხელახლა მოხმარების მხარდაჭერას ისახავენ მიზნად”.
გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთი ხელს უწყობენ საქართველოს მთავრობას მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ამ სამწლიანი დახმარების ფარგლებში შემუშავდა კანონქვემდებარე აქტი ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შესახებ და შეიქმნა საფუძველი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების ჩამოყალიბებისთვის. გარდა ამისა, ჩატარდა ცნობიერების ამაღლების რამდენიმე კამპანია, რის შედეგადაც საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების არამდგრად მართვასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და EPR პრინციპის დანერგვის მნიშვნელობაზე.
UNDP-სა და შვედეთის ხელშეწყობით, ჩატარდა ელექტრონული ნარჩენების 300 შემგროვებელ-გადამამუშავებელი ობიექტის კვლევა და შეფასდა მათი საჭიროებები, რის შედეგადაც ამ ობიექტებმა მიიღეს დახმარება ტრენინგისა და საინფორმაციო ხელშეწყობის სახით.
„შეამცირე მომხმარება, გამოიყენე ხელახლა და გადაამუშავე ნარჩენები“, - განაცხადა ერიკ ილესმა, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა. „გვეამაყება, რომ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებაში და ეკონომიკისა და ცხოვრების მწვანე წესის დანერგვაში“.
მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის (EPR) მხარდაჭერა UNDP-სა და შვედეთის უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელიც საქართველოს საჯარო სექტორში დემოკრატიული რეფორმების გატარებას ემსახურება.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- ირა სულავა, UNDP, +995 599579 105, irine.sulava@undp.org
- ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge